ობიექტის შესახებ
სერგი მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდი მოიცავს 110 000-მდე ექსპონატს.: არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ მასალას, ქართულ და არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, სიგელ-გუჯრებს, საარქივო მასალებს, ფოტოთეკას, სამეცნიერო ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია პერიოდული გამოცემებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის იარაღები, ლითონწარმოებისა და მცირე ქანდაკების ნიმუშები და სხვა სახის მასალა, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს წინა აზიისა და ქართველურ ტომთა უძველესი კულტურების მჭიდრო კავშირზე.
არქეოლოგიური ფონდი მდიდარია ტყვიავის ყორღანების, დვანის ნეკროპოლის, გუდაბერტყას ნამოსახლარის, ხიზანაანთ გორის, ხელთუბნის, თედოწმინდისა და სხვა ექსპედიციების დროს აღმოჩენილი თუ შიდა ქართლში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით ნაპოვნი უნიკალური ექსპონატებით. ესენია: ბრინჯაოს დიადემები (გუდაბერტყა, ძვ. წ. XXIX–XXVII საუკუნეები), ღვთაებათა ანთროპომორფული მცირე ფიგურები (დვანი, ძვ. წ. VI–V საუკუნეები), ბრინჯაოს სატევარი, დანა, ისრის პირი (თედოწმინდა, ძვ. წ. XXVIII–XXV საუკუნეები), დიაბაზის ლახტის თავი (ტყვიავი, ძვ. წ. XXIX საუკუნე). ნუმიზმატიკურ ფონდში დაცულია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მონეტები.