Skip to content
Logo

ლუკას მარანი

ღვინო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
მეღვინეობა „ლუკას მარანი“, 2017 წელს, საოჯახო ტრადიციის კვალდაკვალ, ავთანდილ გაბრიჭიძემ დააარსა. გაბრიჭიძეების ოჯახს ბოლნისში 1818 წელს, ეკატერინენფელდში (ახლანდელი ბოლნისი) გერმანიიდან ჩასახლებული შვაბი კოლონისტების მიერ აშენებული სახლი ჰქონდა მარნით, რომელიც დღემდე უნაკლოდაა შენახული და თითქმის 2 საუკუნისაა. ავთანდილის მამამ — შოთა გაბრიჭიძემ, ისტორიულ მარანში ღვინის ჩამოსხმა 1942 წლიდან დაიწყო. გაბრიჭიძეების საგვარეულო ტრადიციის მიხედვით, მარანი ყოველთვის პაპის მიერ პირველ ვაჟ შვილიშვილს გადაეცემოდა და სწორედ საკუთარი შვილიშვილის — ლუკას სახელი უწოდა ავთანდილმაც მეღვინეობას. გაბრიჭიძეების საგვარეულო ვენახი, სადაც ტრადიციისამებრ, ბოლნისური რქაწითელი მოჰყავდათ, ბოლნისის რაიონში, სოფელ ზვარეთში მდებარეობს და თითქმის ერთი საუკუნის არსებობას ითვლის — 81 წლისაა (გაშენდა 1942 წელს). ცოტა ხნის წინ, ავთანდილმა მახლობლად საფერავიც გააშენა. ვენახების მოვლა მხოლოდ ბუნებრივი პრეპარატებით ხდება, ქიმიური დანამატების გარეშე; მევენახისა და მეღვინის ფუნქციებს თავად ითავსებს: „ვენახებში დღეში ორჯერ მივდივარ, რათა ყველა პროცესს დავაკვირდე; ზოგადად, ვენახის მოვლა ბავშვის გაზრდას ჰგავს, მუდმივად ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. თანაც, რაც არ უნდა გადაუდებელი საქმე გქონდეს, იქ მისვლისას, ყველაფერი გავიწყდება. ეს, ჩემთვის, დამღლელი სულაც არაა — პირიქით: განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა…“ ამ ეტაპზე, „ლუკას მარანი“ ბოლნისურ რქაწითელს ორი სხვადასხვა მეთოდით ამზადებს: ტრადიციული ქართული (ქვევრის) და შვაბური (ორკვირიანი ფერმენტაცია მუხის ჩანში).
ქვემო ქართლი
ბოლნისი,წმინდა ნინოს 44