Skip to content
Logo

მუხიგული 1770

ღვინო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
მეღვინეობა „მუხიგული 1770“ იოსებ მუხიგულაშვილმა 2019 წელს დააარსა და დღეს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, ქართული ტრადიციული, კლასიკური და შვაბური ტექნოლოგიებით დამზადებულ რქაწითელს, საფერავს, ასურეთულ როზეს, რისლინგს, მუსკატს და კახურ მწვანეს სთავაზობს. მეღვინეობის სახელწოდება იოსებ მუხიგულაშვილის ისტორიული გვარის შთაგონებით შეიქმნა: „მუხის გული“ იოსების წინაპარს, გიორგი ჟუჟუნაძეს, ერეკლე მეორემ უწოდა: 1770 წელს, ასპინძის ბრძოლაში, როდესაც მეფე ერეკლემ მესხეთის ტერიტორია ოსმალებისგან გაათავისუფლა, გიორგი თავის 7 ვაჟთან ერთად მონაწილეობდა და განსაკუთრებული სიმამაცეც გამოიჩინა. მეფემ მას თავდადებისთვის აზნაურის ტიტული გადასცა, კასპის რაიონში მდებარე მიწებთან, ვენახთან, მარანსა და სახლთან ერთად. გიორგი მესხეთიდან კასპში გადასახლდა და ღვინის წარმოება წამოიწყო. წლების შემდეგ, 1860 წელს, იოსებ მუხიგულაშვილის დიდი პაპა — აბრამ მუხიგული, ქვემო ქართლში, შვაბი გერმანელების დასახლება ეკატერინენფელდში (ახლანდელი ბოლნისი) დასახლდა; მახლობელ სოფელ ქვეშში ცოლი შეირთო და სოფლის განვითარებაც დაიწყო: გაიყვანა წყალი და იმ დროისათვის ინოვაციური წისქვილიც ააშენა. იოსებ მუხიგულაშვილი, წინაპრების მსგავსად, ბოლნისში დაიბადა. ღვინის დაყენების პროცესებში, ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ჩართული იყო. თუმცა, პროფესიით ეკონომისტია და კარიერის დასაწყისში, სამშენებლო და ავტოინდუსტრიაში მოღვაწეობდა. როდესაც საქართველოში მეღვინეობის ახალი სტილის განვითარება დაიწყო, ამ საქმიანობით დაინტერესდა და 2018 წელს, გადაწყვიტა, ღვინის წარმოების საოჯახო ტრადიცია პროფესიად ექცია: იმ პერიოდში, ბოლნისში ასოციაცია „ღვინო ბოლნისი“ დაარსდა და იოსებიც, მეგობარ მეღვინეებთან ერთად, აქტიურად ჩაერთო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის განვითარებაში: „ოჯახში ღვინოს ტრადიციული მეთოდებით ვაყენებდით, თუმცა, დავინტერესდი, შემესწავლა, როგორ ხდება ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა, ღვინის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების/დანადგარების გამოყენება და ა.შ. მიზნად დავისახე, ამ მიმართულებით ცოდნა გამეფართოვებინა და სწავლას და განვითარებას დღემდე განვაგრძობ“. ღვინის დამზადების პირველი ნაბიჯები საკუთარ სახლში გადადგა; შემდეგ ეტაპზე — სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონკურსზე მოპოვებული გრანტით, წარმოებისთვის საჭირო ჭურჭელი შეიძინა; აგროსესხის მეშვეობით კი მეღვინეობა „მუხიგული 1770-ის“ სახლი და მარანი ააშენა, ბოლნისის შვაბური მემკვიდრეობის — მე-19 საუკუნის პერიოდისთვის სახასიათო არქიტექტურულ სტილში. დღეს, იოსებ მუხიგულაშვილი ღვინის წარმოებას მეუღლესთან — მარიამ დევნოზაშვილთან ერთად უძღვება და ნელ-ნელა აფართოებს; სამომავლოდ, მარნის ტურისტულ სანახაობად ქცევასაც გეგმავს: „ბოლნისის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის — მე-4 და მე-5 საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიები თუ შვაბების ეპოქა, საშუალებას გვაძლებს, არა მხოლოდ ღვინის წარმოება, არამედ — მოცემულ რეგიონში ღვინის ტურიზმიც განვავითაროთ“.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
ქვემო ქართლი
ბოლნისი,დ.ლაზარაშვილის ქუჩა