ობიექტის შესახებ
ჩვენ ღვინო ,,ილიასეული“-ს მწარმოებელი და სამომხმარებლო ბაზარზე მისი დამკვიდრებით დაინტერესებული რაჭველი ძმები ვართ -ივანე და ილია კენჭაძეები. მევენახეობა ჩვენი ოჯახისთვის არამხოლოდ მატერიალური შემოსავლის ძირითად წყაროს, არამედ საპატიო საქმეს წარმოადგენდა ოდითგან მოყოლებული. მამამ, ოჯახის მოზარდებს, ბავშვობიდანვე შეგვასწავლა ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების კულტურა და ტრადიცია და ეს ფაქტი არ ყოფილა გამონაკლისი ჩვენი გენეტიკის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ასწლეულების განმავლობაში ასე იქცეოდა ჩვენი ოჯახის ყველა მამა შვილებთან მიმართებაში, თუმცა თავად მას, როგორც მისი თაობის რაჭველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ყოველთვის ეჩოთირებოდა ღვინის გაყიდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მარანში ჭიქა ღვინის დეგუსტაციის საფასურის დაწესებაზე და ჩვეულებრივ ყურძნის რეალიზებაზე იყო ორიენტირებული ჩვენგან განსხვავებით.
ღვინის ბრენდის შექმნის იდეის დაძვრისკენ ბიძგი მოგვცა მსოფლიოში ოჯახური ღვინოების გულშემატკივართა გარკვეული წრის ჩამოყალიბებამ, რომლის წარმომადგენლებიც საერთაშორისო ღონისძიებებზე ყოველი ახალი ვინტაჟის ღვინოებს ყოველწლიურად ელოდებიან, გამოთქვამენ მოსაზრებებს მათ შესახებ, ინიშნავენ გემოვნურ თავისებურებებს და მზად არიან არამხოლოდ შეისყიდონ კონკრეტული პროდუქცია, არამედ უშუალოდ მოინახულონ მათთვის საინტერესო ღვინოების დამზადების ადგილები, გაიცნონ მეღვინე ტექნოლოგები და დააკვირდნენ წარმოების ციკლს, ანუ, გახდნენ პროცესის თანამონაწილენი.
-საქართველოში მრავალი ვაზის ჯიში და ღვინის სახეობა ატარებს თავისი ნათლია -,,მომრჯულებლის“ გვარ - სახელსა და პირიქით, უამრავ ქართულ გვარშია გაჟღერებული ყურძნისეულ პროდუქტთა სახელები.
რაღა გასაკვირია, თუ ყოველივე ამის გათვალისწინებით, 2014 წელს მივიღეთ ამბიციური, საპასუხისმგებლო და საპატიო გადაწყვეტილება - უძველესი, იშვიათი და მეტნაკლებად მივიწყებული რაჭული ვაზის ჯიშებისაგან შეგვექმნა ღვინის ახალი ბრენდი - ,,ილიასეული“- ს სახელწოდებით.
გზა იდეიდან ღვინომდე საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გამოდგა, მას თან ახლდა უამრავი გათვლა, ტექნიკური ოპერაცია, დაბოლოს, შიგ ჩადებული სული, რამაც ერთობლივად შექმნა სასურველი ღვინოების ტექნოლოგიური რეცეპტები. ჩვენმა საოჯახო მარანმა, ოთხწლიანი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, შეძლო ამ გზის მთლიანი ჯაჭვის შექმნა და წარმოებული პროდუქციის რიგი ქიმიური მოცემულობების ზღვრული ნორმებისა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების ზუსტი განსაზღვრით დაასრულა რამდენიმე სახეობის მაღალი ხარისხის, მშრალი და ნახევრადმშრალი თეთრი და წითელი ღვინოების ,,ილიასეული“-ს სახელწოდებით შექმნის პროცესი.
დღის წესრიგში დადგა ჩვენი პროდუქციის მასშტაბური პოპულარიზაციისა და რეალიზაციის პროცესის დაწყების საკითხი.
ბიზნესის დაგეგმარებისა და მართვის კუთხით ჩვენი საბაზისო პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ საბაზრო პირობებში პროდუქციის უნიკალური თვისებები ხდება მისი გამორჩეულობისა და კონკურენტუნარიანობის წინაპირობა. სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს წარმოების სწრაფი დივერსიფიკაციის, ტრადიციული დარგების ახალი განშტოებების შექმნისა და სასაქონლო ნიშნების ტიპოლოგიის გაფართოების შესაძლებლობას.
,,საოჯახო მარანი ილიასეული“ ეწინააღმდეგება თანამედროვეთა უმეტესობის შეგნებაში მომწიფებულ მცდარ მოსაზრებას - ბრენდების შექმნის კუთხით ინდუსტრიულ წარმოებათა უპირატესობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მეღვინეობის მიმართულებით პირიქითაა. ვაზის მივიწყებულ, უნიკალურ ჯიშთა მოსავლის სიმცირის გამო მცირე მარნებს მეტი აქვთ ინტერესი ღვინის წარმოებაში სასაქონლო ნიშნების ტიპოლოგიის გაფართოებისა, ვიდრე მსხვილ წარმოებებს.
ჩვენის ღრმა რწმენით, ბრენდების შექმნის გარეშე, მცირე მარნების საქმიანობა ნაკლებრენტაბელური და ნაკლებკონკურენტუნარიანია.
უდიდესი მადლობა ქართველ აბორიგენებს იმ დამსახურებისთვის, რასაც 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის ,,მორჯულება“ და შთამომავლობისთვის ბოძება ჰქვია. ჩვენი გათვლებით, დღეს ესაა საუკეთესო საფუძველი ბიზნესშესაძლებლობისა - ბოთლში მოვაქციოთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უნიკალურობა და გავაცნოთ ის ფართო მომხმარებელს ბრენდინგისა და მარკეტინგის მეშვეობით, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია თანამედროვე ეკონომიკური აზროვნების ერთერთი ყველაზე პოპულარული და მუდმივად განახლებადი ინსტრუმენტი, რომელიც გვევლინება ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის გამომჟღავნებისა და გადაფასების საშუალებად, ღირსეული ეკონომიკური პოზიციების დამკვიდრების სწორუპოვარ მექანიზმად.
ჩვენი მთავარი ფოკუსი, საბაზისო პრინციპი ისაა, რომ ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, გარდა საკუთარ ვენახებში მოწეული მოსავალისა, ნედლეულის სტაბილური, სწორად შერჩეული, მომწოდებლები გვყავს. მათ ვენახებშიც თავად ვართ ყურძნის დამწიფების პროცესის დამკვირვებელნი და მოსავლის აღების პროცესში გადაწყვეტილების მიმღებნი.
მნიშვნელოვანია, რომ მევენახეები, რომლებთანაც ვმუშაობთ, არ მოიხმარენ ჰერბიციდებსა და სისტემურ პრეპარატებს და, აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა და გემოვნურად განსხვავებულ რაჭულ პროდუქციას.
მეღვინეობაში გამოყოფენ ორ ეტაპს - პირველად და მეორად ეტაპებს:
პირველადი მეღვინეობა მოიცავს ყურძნის გადამუშავებას ( დაჭყლეტა, კლერტისმოცილება)და ღვინომასალის მიღებას შერჩეული ტექნოლოგიით. ჩვენი მარანი აღჭურვილია თითქმის ყველა იმ თანამედროვე უცხოური ტექნოლოგიური დანადგარით, რომლის გარეშეც შეუძლებელია მაღალი ხარისხის ღვინომასალის მიღება. ჩვენთან, თეთრი ღვინოებისთვის, ღვინომასალები მიიღება გამოწურული ტკბილის უჭაჭო დუღილის შედეგად. წითელ ღვინოებში კი ტკბილის დუღილი მიმდინარეობს დურდოსთან ერთად, რათა სრულად ჩატარდეს მაცერაციის პროცესი.
მეორადი მეღვინეობის არსი, რომელსაც ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მდგომარეობს ღვინის დაძველებაში, რასაც თან ახლავს მოვლის სხვადასხვა მეთოდი საცავის ტემპერატურული რეჟიმისა და ფარდობითი ტენიანობის სათანადო გათვალისწინებით. მხოლოდ მას შემდგომ ხდება ღვინომასალების ბოთლირება, რაც იგი სრულად შეიძენს ჯიშისათვის დამახასიათებელ გემოს, ბუკეტს, ფერს, გამჭვირვალობასა და მდგრადობას.
ბოთლირებამდე, ჩვენს საოჯახო მარანში, ღვინის დაძველება ხდება იტალიური წარმოების უჟანგავ რეზერვუარებში.
წარმატებული ბიზნესი - ესაა ბაზრის მოთხოვნილებასთან შესაბამისობაში მოყვანილი საქმედქცეული ფილოსოფია.
ჩანაფიქრშივე, თავისი წესწყობილებით, ,,საოჯახო მარანი ილიასეული“ და მის მიერ წარმოებული პროდუქცია უნდა ყოფილიყო ის განსხვავებული ნიშანი, რომელსაც ექნებოდა რეალური პოტენციალი მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფის ცნობიერებაში დასახლებისა. ამ კონცეფციამ დასაბამიდანვე მოიცვა ჩვენი ბიზნესსაქმიანობის ყველა ასპექტი, დაწყებული იდეით, ინტერიერ-ექსტერიერის მოწყობითა და წარმოების ტექნოლოგიით... შემდგომ გაყიდვებითა და რეინვესტირებით დამთავრებული.
ჩვენი ბიზნესფილოსოფიის თანახმად, ბიზნესსაქმიანობაში წარმატების უპირველესი საფუძველი მწარმოებლის ხედვის თანხვედრაა მომხმარებლის ხედვასთან. აქედან გამომდინარე, თუ ბიზნესი ცდილობს, აწარმოოს ყველაფერი ყველასთვის, მას უკვე აქვს ხედვის სერიოზული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ბაზრისა და მისი მოთხოვნილებების შესახებ ინფორმაციის არქონას. ჩვენი სლოგანია - ,,ვიყოთ ძლიერი ერთი მიმართულებით, ვიდრე სუსტი ყველგან“! ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი ნიშნიდან გამომდინარე,ზუსტად განვსაზღვრეთ, ვინ უნდა იყვნენ ჩვენი სტაბილური მომხმარებლები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის შეძლებული და პრეტენზიული სეგმენტი, რომელზეც მუდმივად მოგვიწევს ფიქრი და ზრუნვა.
როგორ განვსაზღვრეთ მომხმარებლის შეძლებულობის საკითხი?
1) შევისწავლეთ საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინის ბაზარი.
2) წარმოვაჩინეთ ჩვენი პროდუქციის ის მახასიათებლები, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე.
3) დავყავით მომხმარებლები კლასტერებად.
ჩვენი მიზანი არაა გავხდეთ ინდუსტრიული მწარმოებლები. ,,საოჯახო მარანი ილიასეული“ ყოველთვის იქნება ვაზის მივიწყებული რაჭული ჯიშების დამატებაზე ორიენტირებული მცირე საწარმო, რომლის მთავარი მიმართულება ღვინის დაყენების ტექნოლოგიაში ექსპერიმენტების ჩატარება და ,,ილიასეული“-ს სახელით ისეთი ხარისხის პროდუქციის ბრენდირება-რეალიზაცია იქნება, რომელიც არც რაოდენობრივად და არც თვისებრივად არ შეესატყვისება მასობრივ გემოვნებას.