ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მეღვინეობა „ბოლნისის ძველი მარანი“ 2017 წელს, მევენახე-მეღვინე გრიგოლ ყურაშვილმა დააარსა.
ღვინის წარმოება მამამ — მურად ყურაშვილმა, ბავშვობიდანვე შეასწავლა: ყურაშვილების ოჯახი წარმოშობით ლეჩხუმიდან, ვაზის განთქმული ჯიშის — უსახელოურის მიკროზონაში მდებარე სოფელ ოყურეშიდანაა, თუმცა, გრიგოლის მშობლები, დაოჯახების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბოლნისში ცხოვრობდნენ, სადაც მურადმა მეუღლის ბებიის რქაწითელის ძველი ვენახის მოვლა გადაწყვიტა.
1996 წელს, როდესაც ქვემო ქართლში, ვენახები ჯერ კიდევ მასობრივად იჩეხებოდა და იქაური მოსახლეობა, კომერციული მიზნით, ვაზის უხვმოსავლიან ჯიშებს ან ბოსტნეულს თესავდა, მურად ყურაშვილმა მიწები შეისყიდა და რქაწითელის მოყვანა დაიწყო. ბოლნისის მიკროზონაში ასურეთული შალას გაშენება და აღდგენაც სწორედ მურად ყურაშვილის სახელს უკავშირდება: ერთ დღეს, მეგობართან სტუმრობისას, მასპინძლების წითელი ღვინით დაინტერესდა, და რამდენიმე ნერგი სთხოვა, რათა პიკანტური არომატის მქონე ჯიში თავადაც გაეშენებინა; 2001 წელს, იმ ჯიშის მოსაყვანად, კიდევ ერთი ვენახი შეიძინა.
2017 წელს, გრიგოლი მეგობარმა დაარწმუნა, საოჯახო წითელი ღვინო „ახალი ღვინის ფესტივალზე“ წარედგინა. სწორედ იქ შეიტყვეს, რომ ყურაშვილების ფავორიტ ჯიშს ასურეთული შალა ერქვა: „შალა, თავკვერის მსგავსად, ვაზის ერთსქესიანი სახეობაა, რის გამოც, მისი მოვლა საკმაოდ რთულია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახალი ნერგების ყიდვა მინდოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ შალა ნარევ ვენახებში, საფერავთან ერთად ჰქონდათ დარგული. იმისათვის, რომ სუფთა ჯიში მივიღოთ, უდიდესი შრომა და ხშირად, დანაკარგიც გვიწევს — ზოგჯერ, წელიწადში 3 ტონა მოგვყავს, ზოგჯერ კი — მხოლოდ 300 კილო,“ — აღნიშნავს გრიგოლი.
გრიგოლის საოჯახო ღვინომ, „ახალი ღვინის ფესტივალზე“, დადებითი გამოხმაურებები დაიმსახურა: დაუკავშირდნენ ღვინის პრესტიჟული შოურუმიდან — „8000 მოსავლიდან“ და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. იმავე წელს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა-კონკურს „ვაინექსპოზეც“ წარდგა და ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.
დღეს, „ბოლნისის ძველი მარანი“, მომხმარებლებს შვაბური მეთოდით დამზადებულ რქაწითელს, ასურეთულ შალას,თავკვერს,საფერავს, გრამფინოს (გრანაჩა 50% ,პალემილაფინო 50%), და ასურეთულ შალა ვარდისფერს სთავაზობს.ასევე ლეჩხუმის სოფ.ოყურეშის უსახელაურის მიკროზონიდან უსახელაურს მწვანე და ყვითელ ცოლიკაურს სთავაზობს. წარმოების პროცესები გრიგოლის პარტნიორის — მევენახე-მეღვინე გოჩა ლიპარტელიანის მარანში მიმდინარეობს. გრიგოლი ბოლნისის მიკროზონაში 7,000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ რქაწითელის, ასურეთული შალას და რისლინგის ვენახებს ფლობს, რომლებსაც ძმის და მეგობრების დახმარებით, მხოლოდ ბიო პრეპარატებით უვლის.
2023 წლიდან, გრიგოლის და გოჩას პარტნიორობა, ბოლნისის გასტროტურისტულ პროექტში გადაიზარდა: ერთობლივად მოპოვებული სახელმწიფო გრანტის საშუალებით, ვენახების მახლობლად, სადეგუსტაციო მარნის მშენებლობა დაიწყეს, სადაც სტუმრებს ვენახების მოვლის პრინციპებს გააცნობენ, „ბოლნისის ძველი მარნის“ და „ვილა კელასურის“ პროდუქციას დააგემოვნებინებენ და ტურის ფარგლებში, ბოლნისის მუზეუმსაც დაათვალიერებინებენ.