ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მეღვინეობა „მადლიერი“ 2020 წელს, ლადო ნავერიანმა დააარსა.
ბრენდის სახელწოდება ლადომ გარდაცვლილი მამის — დავით ნავერიანის ხსოვნას მიუძღვნა: „ჩვენთვის, მეღვინეობა წმინდა საქმეა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, თავისი 8000-წლოვანი ისტორიით; ამასთანავე, ქართველებისთვის ღვინოს ღრმა რელიგიური დატვირთვაც აქვს — ჩვენი წინაპრები ხომ წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით გაქრისტიანდნენ… მამას ღვინის წარმოების პროცესებში ბავშვობიდან ვეხმარებოდი და დღეს, მისი საოცრად მადლიერი ვარ, რომ ეს მართლაც წმინდა საქმე შემასწავლა,“ — აღნიშნავს ლადო.
ნავერიანები წარმოშობით ზემო სვანეთიდან იყვნენ, ბოლნისში კი 1960-იან წლებში დასახლდნენ. ლადოს ოჯახმა, 1980-იანებში, ძველი გერმანული სახლი შეიძინა: მე-19 საუკუნის დროინდელი ეკატერინენფელდის (ახლანდელი ბოლნისი) მკვიდრი შვაბი კოლონისტები საქართველოდან საბჭოთა პერიოდში მასობრივად გაასახლეს, ბოლნისს კი დღემდე შემორჩა მათი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა: ქვის და ხის მასალებით ნაშენი სახლები მარნებით, სადაც შვაბები ღვინოს საკუთარი მეთოდით — მუხის ჩანებში ადუღებდნენ.
განსაკუთრებულად მიმზიდველია ნავერიანების სახლი ტურისტებისთვის: შენობის ტერასებიდან ძველი ბოლნისის ულამაზესი ხედები იშლება; ხელუხლებლადაა შემონახული 185 წლის მარანიც, სადაც, ხშირად, სადეგუსტაციო ტურებს მასპინძლობენ.
2017 წელს, ლადომ გადაწყვიტა, მეღვინეობის საოჯახო ტრადიცია გაეგრძელებინა და მამის ხსოვნის პატივსაცემად, განვითარების ახალ, კომერციული საქმიანობის ეტაპზე გადაეყვანა. ღვინის დამზადების შვაბური მეთოდი ბავშვობის მოგონებებიდან აღიდგინა და წინაპრებისგან შემორჩენილი ნოსტალგიური ჭურჭელიც განაახლა. პარალელურად, მეღვინეობის პროფესიულ კურსებზე დაიწყო სწავლა.
2020 წლიდან, მარანი ლადომ თანამედროვე ინვენტარით მოაწყო და 2021 წელს, მეღვინეობის პირველი ამბიციური ნაბიჯიც გადადგა, საკუთარი გემოვნებით შერჩეული ევროპული ჯიშების ბუკეტი — შარდონე სოვენიონის, არომატიკოს, მუსკატი ოტონელის, გოდელოს და ფერნაო პირესის კუპაჟი ჩამოასხა; მომდევნო წელს კი, „მადლიერის“ სელექცია შერეული — ევროპულ-შვაბური მეთოდით დამზადებული რქაწითელით, საფერავით და საფერავ-რქაწითელის კუპაჟით (საფერავის ჭაჭაზე დადუღებული რქაწითელი) გაამდიდრა.
2022 წლის რქაწითელმა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-კონკურს „ვინექსპო 2023-ზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2022 წლის საფერავი კი „ბათუმი ექსპოს“ ბრინჯაოს ჯილდოს მფლობელი გახდა.
დღეს, მეღვინეობა „მადლიერი“ მომხმარებლებს კლასიკურ-შვაბური მეთოდით დამზადებულ რქაწითელს, საფერავს და საფერავ-რქაწითელის კუპაჟს სთავაზობს (საფერავის ჭაჭაზე დადუღებული რქაწითელი); სომელიეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ლადოს ექსპერიმენტმა — ევროპული ჯიშების ბუკეტმა.