Skip to content
Logo

ჯაფარიძის მეღვინეობა

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
„ჯაფარიძის მეღვინეობა“ 2018 წელს, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა წევრმა — ირაკლი ჯაფარიძემ დააარსა. ირაკლი რაჭიდან ეკატერინენფელდში (ახლანდელი ბოლნისი) ნებაყოფლობით ჩამოსახლებული ჯაფარიძეების მეოთხე თაობას წარმოადგენს: დიდი პაპა — ვალერიან ჯაფარიძე, შვაბი კოლონისტების მიგრაციის შემდეგ, ერთ-ერთ გერმანულ სახლში დასახლდა, რომელსაც შვაბების იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, მარანიც ჰქონდა. ჯაფარიძეების მარანი, დღეს, 170 წლისაა, სრულად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე და ღვინის დასამზადებლად იდეალურ გარემოს წარმოადგენს. ჯაფარიძეების ოჯახი, წლების განმავლობაში, მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციას პერსონალური მოხმარებისთვის მისდევდა და უპირატესობას ღვინის დამზადების შვაბურ მეთოდს ანიჭებდა (3-4-კვირიანი ფერმენტაცია მუხის ჩანში). ამ პროცესებში, ირაკლიც ბავშვობიდან იყო ჩართული და ოთხი თაობის წარმომადგენლებს შორის, პირველმა გადაწყვიტა, მევენახეობა-მეღვინეობა პროფესიად აერჩია — შესაბამისი განათლებაც მიეღო და საოჯახო ტრადიცია კომერციულ საქმიანობად ექცია. 2019 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „აგრარული მეურნეობისა და ბიოსისტემების ინჟინერიის“ ფაკულტეტი დაამთავრა; 2020-2021 წლებში კი — აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის კურსი. „მეღვინეობა ჯაფარიძე“, როგორც ბრენდი, 2018 წელს შეიქმნა: ირაკლი საოჯახო წარმოებას ჩაუდგა სათავეში და ღვინის დამზადების მეთოდებიც გაამრავალფეროვნა: დღეს, „ჯაფარიძის მეღვინეობა“, 4 სახეობის ღვინოს — საფერავს, თავკვერს, რქაწითელს და როზეს, 3 სხვადასხვა ტექნოლოგიით ამზადებს — კლასიკური, შვაბური და ტრადიციული ქართული (ქვევრის). „ჯაფარიძის მეღვინეობის“ პროდუქტებს მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატები აქვს; ხასიათდება მსუბუქი, ხავერდოვანი გემოებით და დაბალანსებული მჟავიანობით. წარმოებაში მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ჯიშები — საფერავი, თავკვერი და რქაწითელი გამოიყენება, რომლებიც ქვემო ბოლნისის ტერუარშია მოყვანილი. 2022 წელს, ეროვნულმა ღვინის გილდიამ, კონკურსზე — „ბოლნისი, ოქროსფერი ღვინის ქალაქი“, „ჯაფარიძის მეღვინეობის“ ტრადიციული ქართული (ქვევრის) მეთოდით დამზადებულ საფერავს ოქროს მედალი მიანიჭა, შვაბური მეთოდით დამზადებულ რქაწითელს კი — ბრინჯაოს მედალი. მრავალ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა,სადაც მოპოვებული აქვს ოქროს და ბრინჯაოს მედლები.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
ქვემო ქართლი
ბოლნისი,სულხან-საბა ორბელიანის 79