ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7სოფელ კოჭბაანში, თბილისიდან მხოლოდ 50 კილომეტრში, გომბორისკენ მიმავალ გზაზე, მდებარეობს კოჭბაანის სახლი.
ეს სოფელი ჩვენს ოჯახს ბებიისგან გვერგო, და უკვე მეხუთე წელია სიყვარულით ვაცოცხლებთ სახლს, კერძებს, ეზოს და მის მთელ გარემოს.
ჩვენი სივრცე იდეალურია მათთვის, ვისაც სურს განიტვირთოს ქალაქის ხმაურისგან და გაატაროს დრო ნამდვილ ოჯახურ ატმოსფეროში.
აქ ყოველი სეზონი განსხვავებულად ლამაზია — გაზაფხულზე ყველაფერი იღვიძებს, ზაფხულში ტყე გულუხვად გვჩუქნის ხილსა და სოკოს, შემოდგომა გემოების ფერად დღესასწაულად იქცევა, ხოლო ზამთარში მყუდრო კოცონის გარშემო თბილი საუბრები ყველაზე ჯადოსნურია.
ჩვენ გვყავს ორი მეგობრული ძაღლი, ფუტკრები, ხოხბები, ქათმები და ინდაურები — თითოეული მათგანი ჩვენი ოჯახის ნაწილია.
ყველა პროდუქტი, რომლითაც დედაჩემი გაგიმასპინძლდებათ, მოყვანილია ჩვენსავე მეურნეობაში — აქ ყველაფერს ბუნებრივი გემო აქვს.
დედა კულინარია და აღადგენს ძველ ქართულ რეცეპტებს, მამამ კი საკუთარი ხელით შექმნა ხის კოტეჯები და საოჯახო სივრცე, რომელიც გიმასპინძლდებათ ყველა სეზონზე
ჩვენი კონცეფცია მარტივია — „ფერმიდან სუფრამდე“.
სუფრაზე აღმოჩნდება მხოლოდ ის, რაც მიწიდან მოდის ჩვენს ეზოში — ნატურალური, ქართული და ავთენტური.
გარდა დასვენებისა, აქ შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში:
ტყეში გასეირნება და ბილიკების დათვალიერება, ჩიტების გადაფრენის დაკვირვება, თაფლის დაგემოვნება, ან თუნდაც მონაწილეობა კერძების მომზადებაში. ზაფხულში კი ერთად ვაგროვებთ ხილს, ვამზადებთ მურაბებს, ვაშრობთ ბალახებსა და ვსწავლობთ ტრადიციული ქართული სანელებლების დამზადებას.
ეს ყველაფერი ქმნის ნამდვილ ეკოტურისტულ გამოცდილებას — მშვიდ გარემოში, გულწრფელი ადამიანების მასპინძლობითა და ბუნებასთან მჭიდრო კავშირში.