ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7რაჭა-ლეჩხუმის მხარე
რაჭა დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ქართული მეღვინეობის პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ეგზოტიკური მხარეა. რაჭის უნიკალური ვაზის ჯიშები და მათგან ნაწარმოები საოცარი ღვინოები ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით.
ღვინო ,,ხვანჭკარა“
ხვანჭკარის მიკროზონა მდებარეობს რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ხეობაში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე.
ადგილწარმოშვების დასახელების, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ,,ხვანჭკარა“ მზადდება ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისგან. ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, ჰარმონიული, ხავერდოვანი, ჟოლოსა და მაყვლის ტონებით, სპეციფიკური ბუკეტით და არომატით. ნეშომპალა-კვარცითა და კირქვით მდიდარი ხირხატიანი ნიადაგები, ფერდობებზე შექმნილი მიკროკლიმატი, ჯიშების უნიკალურობა და ღვინის დამზადების ორიგინალური ტექნოლოგია განსაზღვრავს პროდუქციის განსაკუთრებულ ღირსებას.
ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები
ალექსანდრეული - ადგილობრივი ვაზის ჯიშია და 70% მონაწილეობს ყველასათვის კარგად ცნობილ, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო ,,ხვანჭკარის“ დამზადებაში. ჯიში შეტანილია საქართველოს უძვირფასეს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში.
ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება: პროდუქციის მაღალი ხარისხი, ვარგისიანობა, როგორც ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, ასევე სუფრის ღვინის დასამზადებლად, შედარებით კარგი გამძლეობით გამოირჩევა გვალვის, ფილოქსერის და ნაცრის მიმართ.
ჯიშის უარყოფით თვისებას წარმოადგენს ის, რომ მოსავლიანობა არც ისე მაღალია.
მოსავლიანობა. ალექსანდრეული შედარებით ადრე იწყებს პირველსა და სრული მოსავლის მოცემას. პირველ მოსავალს მესამე, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდანგვაძლევს. დაავადებების მიმართ გამძლეობა. ყველაზე ხშირად ჭრაქით ავადდება. ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საშუალო გამძლეობით ხასიათდება.
ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებთან. ალექსანდრეული შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. გამძლეა ასევე გვალვის მიმართაც. ეს ჯიში ნიადაგების თითქმის ყველა ტიპზე ვითარდება, თუმცა მაღალხარისხოვან პროდუქტს იძლევა ხირხატ, კირნარ და ქვეთიხნარ ნიადაგებზე. ვაზის მოსავლიანობა ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულიწლის მეტეოროლოგიურ პირობებზეც. ძირითადად იმაზე, თუ რამდენად თბილი იქნება სავეგეტაციო პერიოდი და ამ პერიოდში ნალექების თანაბარ განაწილებაზე.
მუჯურეთული
მუჯურეთული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია.
გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში, ძირითადად ალექსანდრეულთან ერთად. ეს ჯიში ქართული საწარმოო ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში არ არის შეტანილი.
ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება: პროდუქციის მაღალი ხარისხი, დიდი რაოდენობით შაქრის დაგროვება, გვალვებისა და ყინვების მიმართ გამძლეობა.
უარყოფითი თვისებებია: მცირე მოსავლიანობა და ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა.
აგრობიოლოგიური დახასიათება
ვაზის ზრდის სიძლიერე ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით შეფასებულია საშუალოდ. ნაყოფიერ ნიადაგზე ზრდის სიძლიერე მატულობს.
მოსავლიანობა. შედარებით ადრე იწყებს პირველი და სრული მოსავლის მოცემას. დარგვიდან 3 წელიწადში პირველს, ხოლო სრულ მოსავალს მე-4, მე-5 წელს იძლევა.
სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა. რაჭაში ეს ვაზი ჭრაქისადმი გამძლეობით არ გამოირჩევა. ფილოქსერასადმი გამძლეობა საკმაოდ კარგი აქვს და ამ კუთხით არ ჩამორჩება ალექსანდრეულს.
გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება. ეს ჯიში ზამთრის ყინვებს შედარებით კარგად უძლებს, ასევე გვალვის კარგი ამტანობითაც გამოირჩევა, კარგად ვითარდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე და მაღალშაქრიან მოსავალს და მაღალი ხარისხის ღვინოს იძლევა. თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე ხარობს, თუმცა შედარებით უკეთ ვითარდება კირნარ ნიადაგებზე.
ტექნოლოგიური დახასიათება
წვენის ქიმიური შემადგენლობა. მუჯურეთული ალექსანდრეულის მსგავსად შაქრის დიდ რაოდენობას აგროვებს. ჯიშურ თვისებებთან ერთად ამ გარემოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აგრეთვე ადგილის ეკოლოგიური პირობები. უფრო დიდი რაოდენობით შაქარს მუჯურეთული მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით დაქანებულ ფერდობებზე გაშენებულ ვენახებში აგროვებს. შაქრის დაგროვებას ხელს უწყობს ასევე მცირე ნალექიანი შემოდგომა, ხირხატ-კირნარი და ქვეთიხნარი ნიადაგები. ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში შაქრიანობა 28% აღწევს.
ღვინო ალექსანდრეული
ალექსანდრეული, ისევე როგორც ხვანჭკარა მზადდება ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან ჭაჭაზე სრულად დაყოვნებით. ღვინოს ვარდის ძალზე ეფექტური არომატი აქვს, დაძველებასთან ერთად კი სხვა ყვავილების სურნელიც იგრძნობა. ლალისფერი შეფერილობით ხასიათდება. სასიამოვნო მჟავიანობა კიდევ უფრო ახალისებს სასმელს.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
ღია ლალისფერი სურნელი:მწიფე ალუბლისა და მაყვლის მკვეთრი არომატები.
გემო:
დომინირებს მაყვლისა და გადამწიფებული შინდის ტონები, იგრძნობა ასევე შავი ქლიავის ჩირის გემო.
რეკომენდირებულია მისი მირთმევა ნანადირევთან, საქონლის ხორცთან, ფრინველის შემწვარ ხორცთან ან ახალ ყველთან ერთად. ღვინო ემოციების მრავალფეროვნებაა, ალექსანდრეული კი მართლაც პატარა სამყაროა ღვინის უკიდეგანო სამყაროში.
ტვიში
ტვიში — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან, ტკბილის არასრული დადუღებით.
ღვინო „ტვიში“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.
ღვინო „ტვიშის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,-12 %-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 30-50 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ³.
„ტვიშის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 15 კმ²-ს.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“ მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42°31' და აღმოსავლეთ გრძედის 42°54' კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს ტვიშსა და ალპანას.
ცოლიკაური
ამ ჯიშის ყურძნისგან რაჭა-ლეჩხუმში აყენებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილ თეთრ ღვინოს. ცოლიკოური ღვინის მაღალი ღირსებით, მოსავლიანობითა და სოკოვან ავადმყოფობის მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება, ძირითადად ამით აიხსნება მისი ასე ფართოდ გავრცელება ამჟამად დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში.
ცოლიკოური ჭრაქის მიმართ მაღალი გამძლეობით ხასიათდება. ცოლიკოური ნაკლებად ზიანდება აგრეთვე ანტრაქნოზისაგან და საშუალო გამძლეობას იჩენს ნაცრის მიმართ. ეს ჯიში კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე დაჭაობებული და მლაშე ნიადაგების გარდა, ხოლო მაღალხარისხოვან პროდუქტს ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე იძლევა.
ღვინო მუჯურეთული
ღვინო მუჯურეთული ალექსანდრეულის მსგავსად დამზადდა ტკბილის ჭაჭაზე სრულად დაყოვნებით.
ღვინო ხასიათდება ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი ჰარმონიულობით და მაღალი გემოვნური მაჩვენებლებით. გამოხატულია ჟოლოსა და ალუბლის სასიამოვნო არომატი.