Skip to content
Logo

ირმას და კატოს ვენახები და მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
ჩვენი საწყისები მესხეთიდან მოდის. ჩემს წინაპრებს პატივსაცემი გვარი მიუღიათ მესხეთში, რამეთუ ისინი არხის წყლის გამნაწილებლები ყოფილან. მესხეთში წყალი, მისი ნაკლებობიდან გამომდინარე, რას ნიშნავდა, - ყველას მოეხსენება; ჰოდა, ჩვენი გვარიც - მერებაშვილი, - მერების - წყლის გამნაწილებლის პროფესიული სიტყვიდან წარმოდგება. პაპაჩემის პაპა - დიდი ივანე შვიდი ვაჟით ჩამოსახლებულა კასპში. სხვა თანამოძმეებთან ერთად ორი საუკუნის წინ გამოჰქცევია ოსმალეთის ექსპანსიას მესხურ მიწაზე. ჩვენი ნაფუძარი ახლაც თურქეთის ტერიტორიაზეა დარჩენილი. მამაჩემის პაპას - წყალობას თავის ძმებთან ერთად თავად ამილახვრისაგან შეუძენია მამული, საიდანაც იწყება ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის თავდადებული ისტორია კასპში. მამული მუხის ტყიდან შესანიშნავ ბაღ-ვენახად აქციეს ოჯახთან ერთად, - ჩემმა დიდმა პაპა წყალობამ, პაპაჩემმა ვანომ, მამაჩემმა მიშიკომ და ჩემმა გოჩამ - ჩემმა ძმამ. რაც თავი მახსოვს, ჩემებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ვენახისადმი, ერთგულად და რუდუნებით უვლიდნენ თითოეულ ვაზს, უფრთხილდებოდნენ მიწის თითოეულ გოჯს. რთველი კი, ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო ჩვენს ოჯახში, - ხვავის, ბარაქის, ერთმანეთის სიყვარულის, მხიარულების, მოლხენის, ბედნიერების დღესასწაული. ბოლო რამდენიმე წელია, წინაპრების ტრადიციას დავუბრუნდით და ორგანულ მეურნეობაზე გადავედით. უარი ვთქვით შხამ-ქიმიკატების გამოყენებაზე და ახლა ჩვენს მამულში ყოველი ხე და ნერგი ისევ მხოლოდ ბუნებრივი მეთოდით მუშავდება. სწორედ იმ ეტაპზე გაჩნდა დედა-შვილის მარნის შექმნის იდეაც, თუმცა, მაშინ მხოლოდ ჰობის დონეზე. ჩვენი მამული მდებარეობს კასპში, მდინარე ლეხურის მარცხენა ზემო ჭალაში, მაცხოვრის ეკლესიის უბანში. უნიკალური ლანდშაფტი, რომელიც მდინარის ხეობასა და წლევის ტყის ფერდობებს შორის მდებარეობს, შესანიშნავ ტერუარებს ქმნის. ჩვენთან მოსვლისას სტუმრები აღფრთოვანებას ვერასოდეს ვერ ფარავენ, რაც საოცრად გვახარებს. აქ ხარობს ჩვენი ჩინურისა და თავკვერის საოცარი ჯიშის ვაზები, რაც საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებული, უნიკალური გემოს ბუნებრივი ღვინოები დავაყენოთ. წელს მესხური მწვანის ნამყენი ნერგებიც გადავრგეთ, წინაპრების პატივსაცემად. ლანდშაფტიც ხელს გვიწყობს და მალე რამდენიმე ტერასაც გვექნება, სამ წელში კი ამ ყურძნისაგან დაწურული ღვინის გემოსაც გავიგებთ. ამ საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში ჩვენთან ერთად განსაკუთრებულ აქტიურობას ჩემი პატარა კატო იჩენს, რომლის გარეშე არც ვაზის დარგვა, ყურძნის კრეფა, დაწურვა, ღვინის დაგემოვნება თუ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა არ ხდება. ადრე მხოლოდ ჩვენს წითელ ღვინოს - თავკვერს მიირთმევდა, ახლა კი ჩინურიც აღიარა და ძალიან მოსწონს. ჩვენს მარანში ოთხი სახის ღვინოს ვაყენებთ. ესენია: „კასპის ჩინური“, „კასპის თავკვერი“, „ზემოჭალური ვარდისფერი“ და „ჩემი ძმის ღვინო“. 1. „კასპის ჩინური“ — ქარვისფერი, მშრალი ბუნებრივი ღვინო. დაყენებულია 100% ჩინურის ჯიშის ყურძნისაგან, დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, კლასიკური ტექნოლოგიით. აქვს ლეღვისა და თეთრი ხილის ჩირების დამახასიათებელი არომატი და საინტერესო გემო. 2. „კასპის თავკვერი“— წითელი, მშრალი ბუნებრივი ღვინო. დაყენებულია 100% თავკვერის ჯიშის ყურძნისაგან. დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, კლასიკური ტექნოლოგიით. აქვს ბარხატისებრი სტრუქტურა, მწიფე მაყვლის მკვეთრად გამოკვეთილი სურნელითა და გემოს ხანგრძლივი დაბოლოვებით. 3. „ზემოჭალური ვარდისფერი“ — ვარდისფერი, მშრალი, ბუნებრივი ღვინო. დაყენებულია ჩინურის, თავკვერისა და გორულას ჯიშების ყურძნისაგან. დადუღებულია სრულ ჭაჭაზე, კლასიკური ტექნოლოგიით. აქვს მსუბუქი, ხალისიანი, სტრუქტურა და სასიამოვნო გემო. 4. „ჩემი ძმის ღვინო“ — თეთრი, მშრალი, ბუნებრივი ღვინო. დაყენებულია ჩინურისა და, გორულას ჯიშების ყურძნისაგან. დადუღებულია ჭაჭის გარეშე, კლასიკური ტექნოლოგიით. აქვს თეთრი ხილის ჩირების დამახასიათებელი არომატი, ხალისიანი, სტრუქტურა და სასიამოვნო, მსუბუქი გემო. თავდადებული შრომა მალევე ძალიან დაგვიფასდა. ჩვენი ვენახებისა და მარნის საკმაოდ მკაცრი ინსპექტირების შედეგად, 2022 წლის აგვისტოში ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრად მიგვიღეს, რაც ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. მიღებული გვაქვს 2022 წლის ღვინოების ეტიკეტებზე ასოციაციის ლოგოს გამოყენების უფლებაც, რაც განსაკუთრებული სიამაყის საგანია ჩვენთვის და ბევრს მეტყველებს ჩვენს ღვინოებზე. 2024 წელს ჩვენი მარანი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - „ღვინის გზა“ მონაწილე გახდა, რაც ასევე დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ჩვენთვის. სურვილი გვაქვს, ჩვენი შრომის შედეგები და ემოციები თქვენც გაგიზიაროთ. გიმასპინძლოთ ჩვენს ლამაზ მამულსა და მარანში; ასევე, ჩვენს მამა-პაპისეულ სახლში მდებარე საუკუნენახევარზე მეტი ხნის წინ აშენებულ მუხის ჭერიან და დედაბოძებიან მარანში; შემოგთავაზოთ ჩვენი უგემრიელესი ბუნებრივი ღვინოების დაგემოვნება.

შეთავაზებები

Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
Option — Pet friendly
Pet friendly
შიდა ქართლი
კასპი,ი. გრიშაშვილის ქ. 74