ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მეღვინეობა „რაჭისუბანი, ირემაშვილის ვენახები“, მევენახე-მეღვინე ნიკოლოზ ირემაშვილმა დააარსა, 2019 წელს.
ნიკოლოზის მეუღლეს — თამარ ოქრიაშვილს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია ოჯახიდან მოჰყვა: მისი პაპა — დავით რეხვიაშვილი რაჭიდან, სოფელ ჭიორიდან სტავროპოლის მხარეში გადასახლებული ოჯახიდან იყო; 1956 წელს კი რეხვიაშვილების ოჯახი საქართველოში დააბრუნეს და ბოლნისის რაიონში ჩაასახლეს. დავითმა საკუთარი ხელით გააშენა ვენახები და რქაწითელისა და ალეგოტის მოყვანა დაიწყო. შემდგომ წლებში, მას აქტიურად ეხმარებოდა ნიკოლოზიც, რის გამოც, ყველა ვენახი უანდერძა. ნიკოლოზმაც გადაწყვიტა, საოჯახო ტრადიცია არ მიევიწყებინა და მევენახეობა-მეღვინეობა კომერციულ საქმიანობად ექცია:
„პაპას რთველში ვეხმარებოდით ხოლმე, თუმცა, ვენახების დამოუკიდებლად მოვლის გამოცდილება არ მქონია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ფაქტის წინაშე დავდექი, ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე ამეღო — ცოდნაც გამეღრმავებინა და მოცემულ საქმიანობაში ოჯახის წევრებიც ჩამერთო“.
2019 წელს, ნიკოლოზმა კლასიკური მეთოდით დამზადებული ბოლნისური რქაწითელი ჩამოასხა, თუმცა შედეგით უკმაყოფილო დარჩა და მეღვინეობის პროფესიული გადამზადების კურსებზე დაიწყო სწავლა. 2020-ში, ქართული ღვინის გილდიის მევენახეობის სრული კურსიც გაიარა და პირველად, ქვევრის ღვინო დაამზადა.
მევენახეობის პროცესი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ დღემდე ყველა ვენახს დამხმარის გარეშე, მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად უვლის. ამ ეტაპზე, მოჰყავთ შავკაპიტო და მუსკატური რქაწითელი, თუმცა, ბოლნისის შვაბური მემკვიდრეობის (მე-19 საუკუნეში, ეკატერინენფელდში — ახლანდელ ბოლნისში და მიმდებარე სოფლებში, მასობრივად დასახლდნენ შვაბი კოლონისტები და აქტიურად ჩაერთნენ მევენახეობა-მეღვინეობის პროცესებში) პატივსაცემად, რისლინგის ჯიშის გაშენებაც სურს.
„რაჭისუბნის“ პირველი ბრენდირებული ჩამოსხმა 2021 წელს მოხდა — ნიკოლოზი ბაზარზე შვაბური მეთოდით დამზადებული რქაწითელითა და ტრადიციული ქართული (ქვევრის) საფერავით შევიდა. სამომავლოდ, ვენახების გაფართოვებასთან ერთად, ღვინის ტურიზმში წვლილის შეტანასაც გეგმავს.