Skip to content
Logo

ხმელოს მარანი

ღვინის მარანი

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
მეღვინეობა „ხმელო“, ბოლნისში, მევენახე-მეღვინე გიორგი ხმელიძემ, საოჯახო ტრადიციის კვალდაკვალ, 2017 წელს დააარსა. გიორგის პაპა — გურგენ ხმელიძე, რაჭიდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშიდან იყო; 1950-იან წლებში კი ბოლნისში დასახლდა და აქტიურად ჩაერთო მევენახეობა-მეღვინეობაში; ბოლნისის მიკროზონაში რქაწითელის ვენახი გააშენა და საოჯახო მოხმარებისთვის, ღვინოს შვაბური მეთოდით დამზადება დაიწყო — იმ დროს, ბევრი ბოლნისელი დაინტერესდა მე-19 საუკუნის დროინდელი ეკატერინენფელდის (ახლანდელი ბოლნისი) მკვიდრი შვაბი კოლონისტების კულტურული მემკვიდრეობით: ქვის და ხის მასალებით ნაშენ უნიკალურ სახლებს უნაკლოდ კონსტრუირებული მარნები ჰქონდა, სადაც შვაბები ღვინოს საკუთარი მეთოდით — მუხის ჩანებში ადუღებდნენ. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, ბოლშევიკებმა ეკატერინენფელდიდან შვაბების მასობრივი გასახლება დაიწყეს, მათ ადგილას კი, უმეტესად, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები დაასახლეს. გიორგი ხმელიძე ბოლნისში დაიბადა. ღვინის წარმოების საოჯახო ტრადიციას ადრეული ასაკიდან გაეცნო. 2000 წელს, ხმელიძეების ოჯახმა მე-19 საუკუნის დროინდელი გერმანული სახლი შეიძინა, რომელსაც, ტრადიციულად, იმ დროისათვის სახასიათო მარანიც ჰქონდა. მომდევნო წლებში, გიორგიმ ახალი ვენახები გააშენა ქვემო ბოლნისში, ელიას მთის სამხრეთით, 14 ჰექტარზე და ბოლნისურ რქაწითელთან ერთად, საფერავის, თავკვერის და შავკაპიტოს მოყვანა დაიწყო. რეგიონში ერთ-ერთი პირველი მევენახე იყო, რომელმაც ნერგები ევროპული სტილით, 120-130-სმ-იანი დაშორებებით დარგო, რათა ვაზს ნაკლები დატვირთვა და მაღალი ხარისხის ყურძენი ჰქონოდა. გიორგის ვენახმა სულ მცირე ხანში გაითქვა სახელი და დღემდე, იქაურ მოსავალს წარმოებისთვის არაერთი ბოლნისელი მეღვინე იყენებს. 2017 წელს, გიორგიმ გადაწყვიტა, 180 წლის საოჯახო მარნის ბაზაზე, ღვინის საკუთარი ბრენდი შეექმნა. „ხმელოს მარნის“ პირველი წარმატებული პროდუქტი 2019 წლის რქაწითელი გახდა: ქართული ღვინის გილდიამ მას სამ სხვადასხვა კონკურსზე ოქროს მედლები მიანიჭა, მათ შორის — ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-კონკურს „ვინექსპო 2021-2022-ზე“. დღეს, „ხმელოს მარანი“ ადგილობრივ და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზარს, შვაბური მეთოდით დამზადებულ რქაწითელს, საფერავს, შავკაპიტოს და თავკვერს სთავაზობს. ნებისმიერი ჩამოსხმა, რეალიზაციამდე, უმეტესწილად, დავარგების ორ-სამწლიან ციკლს გადის. დაწურვის შემდეგ, ორ-სამკვირიანი ფერმენტაცია მუხის ჩანებში მიმდინარეობს; შემდეგ, სითხეს უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში ასხამენ. ზამთრის პერიოდში, ღვინო მუხის კასრებში გადააქვთ, გაზაფხულიდან კი, სიგრილის შესანარჩუნებლად — ისევ უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში. დავარგების მომდევნო ეტაპზე, ღვინოს ბოთლებში ასხამენ და კიდევ ერთი წლის განმავლობაში ინახავენ. მეღვინეობა „ხმელოს“ სამომავლო განვითარების ხედვა საქართველოში ღვინის რეზერვების კულტურის დანერგვაა: ყოველწლიურად, პროდუქციის გარკვეული რაოდენობა, მარნის საცავებში, შვიდიდან ათ წლამდე პერიოდით დასავარგებლად ინახება.

შეთავაზებები

Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
ქვემო ქართლი
ბოლნისი,ჭავჭავაძის 15