ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7წინაპართაგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ქართული ტრადიციული ღვინო "ლაელმარანი". ოჯახის ვენახები გაშენებული იყო სოფელ კურდღელაურში, "ნადელების" ზონაში, ხოლო ტრადიციულ კახურ სახლში მოწყობილი იყო მარანი ასწლოვანი ქვვევრებით.
სწორედ ჩვენი ოჯახის წარსულმა, მისმა მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება დაგვეწყო მცირე საოჯახო ბიზნესი, რომელიც შემდგომ თაობებსაც გადაეცემა. სავენახე ადგილად რა თქმა უნდა სოფელ კურდღელაურში მდებარე "ნადელების" ზონა შეირჩა, სწორედ აქ იღებს სათავეს ღვინო "ლაელმარანი". ზონა "ნადელები" ვრცელდება სულ რაღაც 30-35 ჰა ტერიტორიაზე. აღნიშნულ ზონაში ნიადაგი ლაბორატორიული კვლევების თანახმად, საუკეთესოა ყურძნის, განსაკუთრებით რქაწითელის ჯიშის, ყურძნის მოსაყვანად. ვენახს ვაშენებთ და ვუვლით ბიო (ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. ეს მეთოდი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკოსისტემა.იმის გათვალისწინეუთ, რომ ოჯახის მარანში დაცული იყო მაღალი ხარისხის, ასწლოვანი ქვევრები, არჩევანი ქვევრის ღვინის წარმოებაზე შეჩერდა. გაზრდილი წარმოების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ქვევრების დამატება საოჯახო მარანში, მიწაში ჩაფლულ ქვევრებში, ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისათვის საჭირო 13-15 გრადუსს ინარჩუნებს. ღვინო ბუნებრივად იძენს დამახასიათებელ ოქროსფერ შეფერილობას, ხდება გამჭვირვალე და კრიალა, ხასიათდება ხილის ტონებით და ტანინების ზომიერი შემცველობით, არის ბუნებრივად სტაბილური, ჩვენ არ ვფილტრავთ ღვინოს, არც ვწმინდავთ და არც ვამუშავებთ ხელოვნურად, სწორედ ამიტომ, შესაძლოა იგი შეიცავდეს მცირე რაოდენობით ნალექს. ამრიგად, ღვინო იძენს ფერსა და სიკრიალეს, ყველა იმ საუკეთესი თვისებასთან ერთად, რომელიც ახასიათებს რქაწითელის ჯისის კულტურას.