ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7ვაზისა და ღვინის კულტურა ქართული ოჯახისათვის, მით უფრო კახეთის რეგიონის მკვიდრთათვის, უცხო არ არის, იგი კულტურის ნაწილად იქცა და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ჩვენი ოჯახიც სწორედ ასეთ ქართულ, ტრადიციულ ოჯახს განეკუთვნება. წინაპართაგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ქართული ტრადიციული ღვინო "ლაელმარანი", რომელიც გაჯერებულია სითბოთი და სიყვარულით. ოჯახის ვენახები გაშენებული იყო სოფელ ურდღელაურში, "ნადელების" ზონაში, ხოლო ტრადიციულ კახურ სახლში მოწყობილი იყო მარანი ასწლოვანი ქვვევრებით.
სწორედ ჩვენი ოჯახის წარსულმა, მისმა მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება დაგვეწყო მცირე საოჯახო ბიზნესი, რომელიც შემდგომ თაობებსაც გადაეცემა. თავას სახელწოდება "ლაელმარანიც" ხომ ხუთი შვილიშვილის -ლაშა, ელენე, მარიამის, რატისა და ნიტას სახელებს უკავშირდება, შეკრებილია მათი სახელების პირველი მარცვლებისაგან.იდეის განხორციელებაში ჩაერთო მთელი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები, განვაახლეთ ვენახები და მაფრანი. სავენახე ადგილად რა თქმა უნდა სოფელ კურდღელაურში მდებარე "ნადელების" ზონა შეირჩა, სწორედ აქ იღებს სათავეს ღვინო "ლაელმარანი". ზონა "ნადელები" ვრცელდება სულ რაღაც 30-35 ჰა ტერიტორიაზე. აღნიშნულ ზონაში ნიადაგი ლაბორატორიული კვლევების თანახმად, საუკეთესოა ყურძნის, განსაკუთრებით რქაწითელის ჯიშის, ყურძნის მოსაყვანად. ყურძენი ახალგაზრდა , ორგანული მეთოდით მოვლილი ვაზისაგან მიიღება. ვენახს ვაშენებთ და ვუვლით ბიო (ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. ეს მეთოდი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკოსისტემა.იმის გათვალისწინეუთ, რომ ოჯახის მარანში დაცული იყო მაღალი ხარისხის, ასწლოვანი ქვევრებუ, არჩევანი ქვევრის ღვინის წარმოებაზე შეჩერდა. გაზრდილი წარმოების გათვალისწინებით, საჭირო გახდა ქვევრების დამატება და არჩევანი სოფელ საწაბლეში, ტრადიციული ქართული ოჯახის მიერ წარმოებულ ქვევრებზე შევაჩერეთ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი საწაბლე ძველთაგანვე განთქმულია მეთუნებოთ, ხოლო ჩვენი ქვევრები დამზადებულია ტრადიციების მიმდევარი იქაური მექვევრე ოსტატის გურამ მუმლაძის ოჯახში. საოჯახო მარანში, მიწაში ჩაფლულ ქვევრებში, ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისათვის საჭირო 13-15 გრადუსს ინარჩუნებს. მასში ბუნებრივად და ქრონოლოგიურად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომლებსაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალური დანადგარები და დანამატები სჭირდება.სანამ ღვინო დადუღდება, მას ხშირი დარევა სჭირდება, დღეში 4-5 ჯერ. დუღილის დასასრულს ყურძნის ჭაჭა (წიპწები, კანი და კლერტი) დაძირვას იწყებს და ქვევრის ფსკერზე გროვდება. წნევის ზემოქმედებით ჭაჭას ლექი გადაეფარება, რის შედეგადაც ჭაჭა და ღვინო ერთმანეთისგან განცალკევდება. ღვინო "ლაელმარანის" დაყენებისას არ უყენებთ იმ ხერხებს და საშუალებებს (სელექციური საფუვრები, გამწებავი საშუალებები, ენზიმები, არომატიზატორები, კონსერვანტები და ა. შ.), რომლებსაც შეიძლება, თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები. რაც შეეხება ღვინის დაყენებას-ღვინო "ლაელმარანი" დავარგებას ქვევრში ჭაჭასთან ერთად გაზაფხულამდე ვახდენთ, რა დროსაც ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობს ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, სწორედ ეს ქართული ტრადიციული მეთოდი ღვინოს სძენს განსაკუთრებულ გემო-თვისებებს. ღვინო ბუნებრივად იძენს დამახასიათებელ ოქროსფერ შეფერილობას, ხდება გამჭვირვალე და კრიალა, ხასიათდება ხილის ტონებით და ტანინების ზომიერი შემცველობით, არის ბუნებრივად სტაბილური, ჩვენ არ ვფილტრავთ ღვინოს, არც ვწმინდავთ და არც ვამუშავებთ ხელოვნურად, სწორედ ამიტომ, შესაძლოა იგი შეიცავდეს მცირე რაოდენობით ნალექს. ამრიგად, ღვინო იძენს ფერსა და სიკრიალეს, ყველა იმ საუკეთესი თვისებასთან ერთად, რომელიც ახასიათებს რქაწითელის ჯისის კულტურას.